21 ივნისი 2023
უშვილობის დროს ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები, მილები, მცირე მენჯის ღრუ) გამოკვლევა აუცილებელია, რისთვისაც სტანდარტულად გამოიყენება ვაგინალური ექოსკოპია, ხოლო მილების გამტარობის გამოსაკვლევად - სონოსალპინგოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია.
თუმცა ყველაზე ინფორმატიული და ეფექტური ლაპარასკოპიაა, რომელიც უშვილობის კვლევის „ოქროს სტანდარტად" არის მიჩნეული და გვაძლევს საშუალებას, რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებები დავინახოთ, რომლებიც შესაძლოა ექოსკოპიურად ან სხვა კვლევების დროს არ ჩანდეს. ამასთანავე, ლაპარასკოპია გვაძლევს საშუალებას, რეპროდუქციული ორგანოების რაიმე სახის ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, იმავდროულად ჩატარდეს ოპერაციული მკურნალობა, რაც ხშირად ორსულობის მიღწევის მაღალ შანსს განაპირობებს.
როგორ ტარდება ლაპარასკოპია: მუცლის ზედაპირზე კეთდება რამდენიმე წვრილი, 1.5-2 სმ დიამეტრის განაკვეთი, საიდანაც ხდება შესვლა მუცლის ღრუში სპეციალური ვიდეოკამერით და ამგვარად წარმოებს ორგანოების დათვალიერება და საჭიროებისამებრ, ოპერაციული მკურნალობა.
ლაპარასკოპიით შესაძლებელია ისეთი ოპერაციული ჩარევების განხორციელება, როგორიცაა: საკვერცხის კისტის მოცილება, საშვილოსნოს კვანძის (მიომის) მოკვეთა, ენდომეტრიოზის მკურნალობა, მუცლის ღრუში შეხორცებების მოცილება, მილების პლასტიკა და ა.შ.
ლაპარასკოპიული ოპერაცია მინიმალურად ტრავმულია, პრაქტიკულად, არ არის სისხლის დანაკარგი, რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა, ოპერაციიდან რამდენიმე საათში პაციენტი დამოუკიდებლად გადაადგილდება და ერთ, მაქსიმუმ ორ დღეში გაეწერება კლინიკიდან.
„მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციულ მედიცინის ცენტრში" ლაპარასკოპიას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აკეთებენ, ხოლო პალატებში შექმნილია კომფორტული და მშვიდი გარემო.