24 ივლისი 2022
ბოლო დროს ქალებში ხშირია საკვერცხის კისტა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ.
რა იწვევს მას, რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ამ პრობლემას ასცდეს, როგორ ებრძოლოს დაავადებას, თემაზე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი გვესაუბრება.
- კისტა, იგივე ცისტა, ერთგვარი სითხოვანი წარმონაქმნია, რომელსაც თხელი გარსი აქვს. ის შეიძლება ყველა ორგანოზე წარმოიქმნას, მაგრამ ახლა საკვერცხის კისტაზე ვსაუბრობთ - საკვერცხის კისტაც სითხის დაგროვებაა, რომელიც თხელი გარსითაა გარემოცული. ის შესაძლოა, იყოს კეთილთვისებიანი, რომელიც თავისით გაიწოვება და არის ავთვისებიანი კისტაც. ამდენად, არსებობს პათოლოგიური კისტები და ფუნქციური, ანუ რეტენციული. კისტა უმეტესად რეპროდუქციულ ასაკში ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ჰორმონალური აქტივობა.
- რისგან ჩნდება?
- კისტა ჰორმონალური დისბალასის გამო წარმოიქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს ჰორმონალური პრობლემა, ჰორმონალური რაიმე დაავადება აქვს. უბრალოდ, ჰორმონებმა რაღაც ეტაპზე შესაძლოა, არასწორად იმუშაოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ფოლიკულური კისტა გამოიწვიოს. საკვერცხე კვერცხუჯრედების მარაგს წარმოადგენს. საკვერცხეში, ე.წ. ფოლიკულებში კვერცხუჯრედებია მოთავსებული. ეს ფოლიკულები თავისთავად კისტაა, მაგრამ პატარა კისტები. ყოველ მენსტრუალურ ციკლში ჰორმონების ზემოქმედებით ფოლიკული იზრდება და შემდეგ სკდება. მოკლედ, პატარა ფოლიკულები იზრდება, აღწევს გარკვეულ ზომას 20-დან 24 მმ-მდე და მერე სკდება, რომ კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდეს. ვიმეორებ, ეს ჰორმონების ზემოქმედებით ხდება, მაგრამ თუ რაღაც დარღვევაა, იმ პერიოდში შესაძლოა, ვერ გასკდეს და კისტაში გადავიდეს.
- 24 მმ-ს ის არ აღემატება?
- 24 მმ-ზე ზემოთ, 50 მმ-მდე შეიძლება იყოს და უმეტეს შემთხვევაში, მას ფოლიკულური კისტა ჰქვია. როგორც წესი, კისტა თავისით გაიწოვება. უბრალოდ, არსებობს რისკები, რომ გასკდეს, ან მისი გადაგრეხა მოხდეს, რაც საშიშია და ამ დროს გადაუდებელი ოპერაცია კეთდება. როდესაც ასეთ კისტას აღმოაჩენენ, ყურადღებას მოითხოვს და ასეთ დროს ისეთ პრეპატარებს ვუნიშნავთ, რომელიც მის გაწოვას ხელს უწყობს. ხოლო გაწოვა თუ მაინც არ ხდება და ზომასაც არ იცვლის, შესაძლოა, ზომებშიც გაიზარდოს, ამ დროსაც ოპერაციის აუცილებელობა დგება - უნდა ამოიკვეთოს ლაპარასკოპიული მეთოდით.
როდესაც ის დიდი ზომის არის, პაციენტში სავარაუდოდ, გარკვეულ დისკომფორტს იწვევს...
- დიახ, ქალბატონები მუცლის არეში ტკივილს გრძნობენ. მაშინ, როდესაც კისტას აღმოვაჩენთ და მედიკამენტოზურად ვერ განიკურნა, ვერც გაიწოვა, უნდა ამოიკვეთოს, თუმცა თუ ოპერაციამდე კისტა გასკდა, ესეც ერთ-ერთი გართულებაა, ამ დროსაც ძლიერი ტკივილები აქვთ და ხდება საკვერცხის გადაგრეხაც. არსებობს ავთვისებიანი კისტები, რომლის წარმოქმნის ზუსტი მიზეზი უცნობია. თავიდან შესაძლოა ჰორმონების ზემოქმედებით იყოს გამოწვეული და არის კიდევ კისტომაც. ისიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი. კისტომა არ გაიწოვება და, რასაკვირველია, ამ დროს ლაპარასკოპიული ოპერაცია კეთდება.
- ე.ი. ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი ოპერაციაა.
- როცა არის კისტომა, კი. როდესაც ეჭვი ავთვისებიანზეა და ექოსკოპიურადაც შეგვიძლია ვარაუდი (დიაგნოზს ხშირად ზუსტად ვსვამთ), მაგრამ სანამ კისტის ე.წ. ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, ანუ დათესვა (სპეციალური ანალიზი) არ მოხდება, დიაგნოზის დადასტურების უფლება არ გვაქვს. არსებობს ასევე ენდომეტრიული კისტა, რომელიც კეთილთვისებიანია. თუ ზომით 2-დან 3 სანტიმეტრამდეა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ოპერაცია აუცილებელი არ არის. თუ მეტია, საოპერაციოა, ეს ხშირად ხდება. თუმცა მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და აქ მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. ქალის ასაკიდან, შვილოსნობის ისტორიიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმი წყვეტს პაციენტთან ერთად რა სახის მკურნალობაა ჩასატარებელი კონკრეტულ შემთხვევაში.
- ამ ყველაფრისთვის პრევენცია რა შეიძლება იყოს?
- პრევენცია არის ის, რაც არის ნებისმიერი გინეკოლოგიური დაავადებებისთვის.
ყველა ქალმა, აწუხებს მას რაიმე თუ არა, ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევები, პირველ რიგში, რასაკვირველია, ექოსკოპიური კვლევა, ხოლო თუ რაიმე დისკომფორტი აქვს, ექიმს დროულად უნდა მიმართოს. ერთ-ერთი მთავარი პრევენცია - პროფილაქტიკური გამოკვლევაა, რადგანაც არსებობს რისკის ჯგუფი, სადაც შეიძლება კისტა განვითარდეს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ქალს გარკვეული მიზეზების გამო, თუ ოპერაცია გაუკეთდა და ცალი საკვერცხე არ აქვს, მაშინ ძალა ერთ საკვერცხეს ადგება, ის 2-ის ნაცვლად მუშაობს. 2 საკვერცხის შემთხვევაში კი ისინი ერთმანეთს ენაცვლება. ამიტომ ერთი საკვერცხე ასეთი დატვირთვის დროს ვერ აძლევს ადეკვატურ პასუხს ჰორმონების ზემოქმედებაზე და წარმოიქმნება კისტა. ასეთი ქალები განსაკუთრებით ხშირად უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ და ხშირდ მიმართონ ექიმს, რაც შეიძლება ხშირად გაიკეთონ ექოსკოპიური გამოკვლევა. უნდა ვთქვა, რომ მენოპაუზის დროს და კლიმაქსის პერიოდში ფუნქციური კისტა თითქმის გამორიცხულია, რასაც ვაკვირდებით, ძალზე იშვიათია.
ავტორი: ლალი ფაცია
წყარო: ambebi.ge